
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო უწყება რუს სამხედროებზე ვიზებს არ გასცემს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცთა როტაციის შემთხვევაში ვიზები არ გაიცემა.
“თუმცა ჯერ-ჯერობით ასეთი მოთხოვნა [ვიზების გაცემის თაობაზე] რუსული მხრიდან არ ყოფილა“, აცნობეს 17 მაისს “სივილ ჯორჯიას” სამინისტროში.
ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებზე რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტას ამ ბაზების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 10 მარტის დადგენილების ერთ–ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომელმაც მოქმედება დადგენილების სხვა დათქმულ პუნქტებთან ერთად 15 მაისს დაიწყო.