ახალი ამბები

ხაინდრავა: ეუთოს დამკვირვებელთა დაკავება შემაშფოთებელია

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა 12 მაისს ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზნაურის რაიონში ეუთოს ორი დამკვირვებლის დაკავებას “შემაშფოთებელს” უწოდებს. 


ეუთოს ორი დამკვირვებელი კონფლიქტის ზონაში ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული იმ მიზეზით რომ, როგორც ცხინვალი აცხადებს, “შერეულ სამშვიდობო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი შეტყობინება მათი იქ ყოფნის თაობაზე“.  
 
“ჩვენ [ქართული მხარე] კატეგორიულ პროტესტს ვაცხადებთ. ეს არის  ყველა შეთანხმების და საერთაშორისო ნორმების დარღვევა“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, ქართული მხარე “პირველ რიგში” მიმართავს რუსეთს, როგორც სამშვიდობო პროცესის მონაწილეს, რათა მიიღოს ზომები მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად და ასევე ეუთოს წევრ ქვეყნებს, “გამოხატონ პროტესტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა მსგავსი იციდენტი აღარ განმეორდეს“.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა 13 მაისს უკვე დაგმო აღნიშნული ინციდენტი და მას “არსებული შეთანხმებების დარღვევა“ უწოდა.



 

Back to top button