
თბილისი მოსკოვს ბაზების თაობაზე უკომპრომისობაში ადანაშაულებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 18 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის შესახებ შეთანხმების მიღწევა რუსული მხარის უკომპრომისო პოზიციის გამო 14-15 აპრილს თბილისში გამართულ ქართულ–რუსულ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე კვლავ ვერ მოხერხდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ეს საკითხი შესაძლოა კიდევ ერთხელ განიხილოს რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან მოსკოვში, აპრილის ბოლოს ნავარაუდევ შეხვედრაზე. ქართველ მინისტრს უკვე ოფიციალურად გადაეცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაზების გაყვანის თარიღთან ერთად ძირითად წინააღმდეგობად რუსეთის მხარის მიერ წამოყენებული მთელი რიგი დამატებითი წინაპირობები რჩება, რომლებიც ბაზების გაყვანის პროცესთან არ არის დაკავშირებული.
“სამწუხაროდ, ბაზების გაყვანის საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდა, ვინაიდან რუსეთის მხარე ამჯერადაც არ აღმოჩნდა მზად კომპრომისული გადაწყვეტილებების მისაღებად“, ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების ძირითადი თემასთან – ახალქალაქიდან და ბათუმიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზის დახურვის საკითხებთან ერთად განიხილებოდა კონფლიქტების დარეგულირების, სავიზო საკითხების, საზღვრის დელიმიტაციისა და ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხებიც.
16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ქართული მხარე ბაზებთან დაკავშირებით წაყენებული დამატებითი პირობების გამო მოლაპარაკებების შეფერხებაში დაადანაშაულა.