ახალი ამბები

ეუთომ ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამა დაამტკიცა

საქართველოში ეუთოს მისიის ცნობით, ეუთოს მუდმივმა საბჭომ 14 აპრილს ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამა დაამტკიცა. 


უკვე დაიწყო მზადება პროგრამის 18 აპრილისთვის დასაწყებად, რომლის ფარგლებშიც 800 ქართველი მესაზღვრე გაიწვრთნება.


50-კაციანი პერსონალი, 30 საერთაშორისო ექსპერტის ჩათვლით, პროგრამას თბილისში განთავსებული ეუთოს მისიის შტაბბინიდან, ასევე ლილოს, ყაზბეგის, ლაგოდეხის და ომალოს რეგიონალური სასაზღვრო ცენტრებიდან განახორციელებს. 


საწვრთნელი პროგრამა, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ ამოცანებს მოიცავს:


• სამაშველო ოპერაცია მთიან რაიონებში და უსაფრთხოების წესები. ამაში შედის ვერტმფრენით ჩასატარებელი ოპერაციები და პილოტთა პრაქტიკული მომზადება, ასევე სამაშველო ტექნიკა;
• დღე-ღამის განმავლობაში სასაზღვრო ერთეულების დაგეგმვა და მართვა;
• პატრულირებაში, ინფორმაციის მიწოდებასა და დაკვირვების ტექნიკაში მომზადება;
• სპეციალური აღჭურვილობის წესების დაცვა;
• რუქების წაკითხვა;
• კომუნიკაციები;
• პირველადი დახმარება;
• საზღვრის დაცვის იურიდიული ასპექტები.


ეუთომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მონიტორინგის მისია გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ შეწყვიტა, რაც რუსეთმა ვეტო დაადო მისიის გაგრძელების საკითხის განხილვას. მას შემდეგ საქართველო ეუთოს ქართველ მესაზღვრეთა მომზადების პროგრამის დაწყებას სთხოვდა. 

Back to top button