
“საოკეანო სანაოსნოს“ პრივატიზება შესაძლოა გადაიხედოს
ეკონომიკის განვითარების სამინისტროსა და კონსორციუმ Armstrong Holding-ს შორის, რომელთანაც იანვარში მემორანდუმი გაფორმდა შპს “საოკეანო სანაოსნოს“ 161 მლნ აშშ დოლარად მიყიდვის თაობაზე, თანხის გადახდის მექანიზმებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.
25 იანვარს კონსორციუმთან გაფორმებული მემორანდუმით, რომელსაც ხელს აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და კონსორციუმის ხელმძღვანელი ჯერემი ლიდელი აწერენ, გაწერილი იყო თანხის გადახდის გრაფიკი.
კერძოდ, 50 მლნ აშშ დოლარს კონსორციუმი 28 თებერვლამდე, 15 მლნ–ს – 31 ივლისამდე, 15 მლნ-ს კი 31 ოქტომბრამდე გადაიხდიდა. დარჩენილ 9 მლნ დოლარს 2005 წლის ბოლოს 15 დეკემბერს დაფარავდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა სანაოსნოში მენეჯმენტის განხორციელებას.
მემორანდუმით, მთლიანი თანხის ნაწილი – 72 მლნ აშშ დოლარი – ვალების დაფარვას უნდა მოხმარდეს, 89 მლნ კი საქართველოს ბიუჯეტში ჩაირიცხოს.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, Armstrong Holding-მა თანხის სრულად დაფარვამდე “საოკეანო სანაოსნოში“ მენემჯმენტის განხორციელება მოითხოვა, რასაც მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს.
სამინისტროს უარის შემდეგ კომპანიამ თანხის ერთიანად გადახდის საკითხი თავად დააყენა. ამჟამად, ეკონომიკის სამინისტროსა და Armstrong Holding-ს შორის ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სამინისტრო კონსორციუმისგან თანხის სრულად გადახდის გარანტიას ითხოვს.
ეკონომიკის განვითარების მინისტრის ალექსი ალექსიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევქაში, თუ კონსორციუმი პირობებს დაარღვევს, კონსულტაციები სხვა ფირმებთან გაგრძელდება, მათ შორის იმ ექვს კომპანიასთან, რომლებსაც საოკეანო სანაოსნოს პრივატიზების თაობაზე განაცხადები ჰქონდათ წარდგენილი.
“ჩვენ ადრე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გაფორმებული მემორანდუმის მიუხედავად, სხვა კომპანიებთანაც გვექნება კონსულტაციები“, განაცხადა ალექსი ალექსიშვილმა და დასძინა, რომ საბოლოოდ საკითხი მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებში გაირკვევა.