
სერგეი ლავროვი თბილისში იმყოფება
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 17 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა.
“ვფიქრობ, თბილისში კონსტრუქციული დიალოგი გაიმართება და ვიმედოვნებ, რომ ნაყოფიერი ვიზიტი იქნება“, განუცხადა სერგეი ლავროვმა თბილისში ჩამოსვლისას ჟურნალისტებს.
სერგეი ლავროვი დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ქართველ კოლეგას შეხვდება. განიხილება საქართველო-რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის ჩარჩო ხელშეკრულებისა და სამხედრო საკითხები.
სერგეი ლავროვმა თბილისში ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე უარი განაცხადა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობაზე, რაც ოფიციალური ვიზიტის პროტოკოლით იყო გათვალისწინებული. ეს ქართულმა მხარემ “არამეზობლურ ჟესტად” შეაფასა და ოფიციალური ვიზიტი სამუშაო ვიზიტით შეცვალა.