ახალი ამბები

თბილისი სოხუმთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა

საქართთველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 30 იანვარს გაავრცელა განცხადება, სადაც ადასტურებს რა თბილისის მზადყოფნას განაახლოს სოხუმთან მოლაპარაკებები, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებას, რომ ქართულმა მხარემ მოლაპარაკებებზე უარი თქვა, “სრულ სიცრუეს” უწოდებს.
 
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სწორედ აფხაზურმა მხარემ შეწყვიტა ცალმხრივად მოლაპარაკებები. სეპარატისტები იმასაც აცხადებენ, რომ ეთნიკური ქართველების უმრავლესობას აფხაზეთში დაბრუნების უფლება არ აქვთ.
 
“საქართველოს მთავრობა არასოდეს შეურიგდება ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობას. ამავე დროს ქართული მხარე, მზად არის რომ მოლაპარაკებები, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე, ნებისმიერ დროს განაახლოს“, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის სთავაზობდა აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანს უფლებების დაცვის გარანტიას და ფართო ავტონომიას.


თუმცა ეს განცხადება კეთდება ხუთის დღის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზეთთან სამშვიდობო პროცესი შეუძლებელია, რადგან “აფხაზებმა დატოვეს მოლაპარაკებათა მაგიდა”.


ამის პასუხად სერგეი ბაღაფშმა თბილისის მხრიდან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ 26 იანვარს მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა.

Back to top button