ახალი ამბები

აფხაზეთს მისი სრული დამოუკიდებლობის აღიარება სურს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.


“გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მცდელობები აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანებისა, რაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახლანდელ ეტაპზე,  კიდევ ერთ მწვავე კონფლიქტს გამოიწვევს“, ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 24 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


სამინისტრო უფრო ეფექტურად მიიჩნევს “აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხიდან ეკონომიკური თანამშრომლობის, ტრანსპორტისა და სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხების განხილვაზე გადასვლას“.


აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მონაწილე მხარეებს მხედველობაში მიიღონ აფხაზეთის პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე კონცეფციების შემუშავებისას, როგორიცაა აფხაზი ხალხის ბედი.


განცხადება წინ უსწრებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს სტრასბურგში, სადაც იგი 26 იანვარს აპირებს გაახმოვანოს თბილისის წინადადებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.

Back to top button