ახალი ამბები

სააკაშვილი: არც ერთ სეპარატისტს საქართველოში დასაბრუნებლად არ ვეპატიჟები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლებამ, რომელსაც პრეზიდენტი “ჯგუფს” უწოდებს და არა ხელისუფლებას, უნდა  აღიაროს, რომ აფხაზეთში დაბრუნების უფლება ყველა ქართველს აქვს.
 
“ეს არის ჩემი მთავარი პირობა ყველანაირი კომპრომისისა..  ჩვენ დასათმობი აფახაზეთში არაფერი არ გვაქვს. როცა ისინი [აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება] საუბრობენ, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით საქართველოში, მე არც მინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ. მე არც ერთ სეპარატისტს საქართველოში დასაბრუნებლად არ ვეპატიჟები. ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ”, განაცხადა პრეზიდენტმა 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს, რომ ქართველები ვერასოდეს დაბრუნდებიან აფხაზეთში. 


“ჩადენილი იქნა კაცობრიობის წინაშე დანაშაული [ქართველების] ეთნიკური წმენდის სახით, ჩვენ არ დაუშვებთ ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას“,  განაცხადა პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აფხაზეთის სტატუსის განხილვისთვის ხელისუფლება მზად არის.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციას აპირებს.

Back to top button