ახალი ამბები

საქართველო პანკისში ტერორისტების არსებობას უარყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში პროტესტი გამოხატა რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ 17 იანვარს “უცნაური ფორმით გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადებების” გამო, რომელიც პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლებისა და ტერორისტული ჯგუფების არსებობის შესახებ მორიგ ბრალდებებს უკავშირდება.


დღეს რუსეთის ფედერაციის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ტერორიზმის საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან”, კერძოდ კი პანკისის ხეობიდან მოდის, რაც “როგორც რუსეთს, ისე საქართველოს უქმნის საფრთხეს”.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან ცალკეული ტერორისტები ან ტერორისტთა ჯგუფები და კვლავ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი შემადგენლობით პანკისის ხეობის ერთობლივ დათვალიერებას დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. თუმცა კონსტრუქციული თანამშრომლობის ნაცვლად, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ზედიზედ მესამედ ბოლო ერთ კვირაში, ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ რუსეთის ფედერაცია მიზეზების გამოგონებაშია საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. პრევენციული დარტყმების ჯერ განსახორციელებლად და შემდგომ, ამ ნაბიჯების გასამართლებლად”, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 13 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პრევენციულ დარტყმებს მიაყენებს საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტთა ბაზებს.


“ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ როგორც საქართველოს ხელისუფლება შიშობდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბრალდებები და ძალის გამოყენების მუქარა გააქტიურდა ეუთო-ს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის მანდატის შეწყვეტისთანავე”, ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ “საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საერთაშორისო მონიტორინგი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე”.  

Back to top button