
რუსეთის განცხადებით, “ტერორიზმის საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან მოდის”
დღეს რუსეთის ფედერაციის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ტერორიზმის საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან”, კერძოდ კი პანკისის ხეობიდან მოდის, რაც “როგორც რუსეთს, ისე საქართველოს უქმნის საფრთხეს”.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების ყურადღების მისაქცევად გაკეთებულ ბოლოდროინდელი საჯარო განცხადებებს, რომელიც პანკისის ხეობაში ჩეჩენი “ბოევიკებისა და ტერორისტების” ყოფნას უკავშირდებოდა, “სამწუხაროდ, საქართველოს მხრიდან მხოლოდ იმის მტკიცება მოსდევდა, რომ პანკისის ხეობა ტერორისტებისაგან თავისუფალია”.
29 ნოემბერს ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, პანკისის ხეობაში მებრძოლებისა და უცხოელი დაქირავებული ჯგუფების არსებობის შესახებ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მებრძოლთა ერთი ჯგუფი 200 კაცის ოდენობით, დუისსა და ხალაწანის მიმდებარე ტერიტორიებში იყო დაბანაკებული, ხოლო მეორე ჯგუფი კი, რომელიც 50-მდე მებრძოლს ითვლდა, ხეობის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ომალოში იყო განლაგებული.
ჩრდილოეთ კავკასიის ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის ინფორმაციით, სოფელ ბირკიანის მახლობლად დაბანაკებული იყო ასევე მესამე 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც ძირითად უცხოელი, “თურქულად მოლაპარაკე” დაქირავებული მებრძოლებისგან შედგებოდა.
მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ პანკისის ხეობას საქართველოს უშიშროების ძალები სრულად აკონტოლებენ. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით რუსეთის წარმომადგენელთა მონაწილეობით პანკისის ხეობაში განხორციელდა ვიზიტი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხეობაში ტერორისტები არ იმყოფებიან.
ამასთან დაკავშირებით რუსეთის საელჩოს 17 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ “როგორც კი მებრძოლები იგებენ ინფორმაციას პანკისის ხეობაში დაგეგმილი ვიზიტების შესახებ, ისინი ტოვებენ თავიანთ ადგილმდებარეობას, რომელსაც მოგვიანებით კვლავ უბრუნდებიან”.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტერორიზმის პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სპეცსამსახურებსა და სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობით და “არა საერთაშორისო მონიტორინგზე იმედების დამყარებით, რომელიც ნაკლებად ეფექტურია”.