ახალი ამბები

საქართველო რუსეთისგან აფხაზეთში დესტრუქციული ქმედებების აღკვეთას მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა რუსი დეპუტატების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი განცხადებების, მათი აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უხეში ჩარევის გამო და მოითხოვა რუსეთის მხარისაგან აღკვეთოს აფხაზეთში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები.


“მიუხედავად ჩვენი წინასწარი გაფრთხილებისა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ჯგუფმა ვიცე-სპიკერის [სერგეი] ბაბურინის ხელმძღვანელობით, ქართული ვიზების გარეშე და საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და ჩავიდა აფხაზეთში, საქართველო”, ნათქვამია 12 იანვარს საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


საგარეო უწყება მიიჩნევს, რომ ისინი უხეშად ჩაერივნენ თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში და “სეპარატისტული რეჟიმის მხარდასაჭერად გააკეთეს სრულიად ერთმნიშვნელოვანი მოწოდებები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე”.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის 12 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუს დეპუტატთა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა სერგეი ბაბურინმა სოხუმში განაცხადა, რომ “აფხაზეთი უკვე იმსახურებს [მისი სახელმწიფოებრიობის]  საერთაშორისო აღიარებას”. ამასთან, დასძინა, რომ 2005 წელს განიხილება რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი.


“ზემოთქმული რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, აღებული მრავალმხრივი და ორმხრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის ხელყოფაა”, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


ამასთან საქართველო მიმართავს “მსოფლიო თანამეგობრობას, რათა სათანადოდ შეფასდეს რუსეთის მხარის მცდელობა შეილახოს საქართველოს სუვერენული უფლებები მის საშინაო საქმეებში ჩარევით”.

Back to top button