
გრიზლოვი: აფხაზეთის არჩევნებზე დამკვირვებლები არ გაგვიგზავნია
სააგენტო “რია ნოვოსტი” რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარის ბორის გრიზლოვის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვიცე-სპიკერის სერგეი ბაბურინის აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებები მისი პირადი აზრია და რუსეთის სათათბიროს ოფიციალურ პოზიციას არ ემთხვევა.
“რუსეთს არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”, აცხადებს ბორის გრიზლოვი.
ამასთან, გრიზლოვი აღნიშნავს, რომ მისი მოადგილე თვითგამოცხადებულ აფხაზეთში “კერძო ვიზიტით” იმყოფება, რადგან “სათათბიროს არ მიუვლენია დამკვირვებლები აფხაზეთის [საპრეზიდენტო] არჩევნებზე”.
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სერგეი ბაბურინი და რუსეთის სათათბიროს დეპუტატთა დელეგეცია 11 იანვარს ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით ჩავიდა. ბაბურინმა სოხუმში განაცხადა, რომ “აფხაზეთი უკვე იმსახურებს [მისი სახელმწიფოებრიობის] საერთაშორისო აღიარებას”. ამასთან, დასძინა, რომ 2005 წელს განიხილება რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ასოცირებულ წევრად მიღების საკითხი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 იანვარს პროტესტი გამოთქვა რუსი დეპუტატების საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი განცხადებების და მათი “აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში უხეში ჩარევის” გამო და მოითხოვა რუსეთის მხარისაგან აღკვეთოს აფხაზეთში განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები.
სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი კოლეგების განცხადებაზე რეაგირებას არ აპირებს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უპასუხიმგებლოა, ამიტომაც მასზე კომენტარს არ გავაკეთებთ”, განუცხადეს “რია ნოვოსტის” 13 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.