
მთავრობა საზღვაო სანაოსნოსა და “ჭიათურმანგანუმის“ გაყიდვით 200 მლნ დოლარის მიღებას ვარაუდობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 18 იანვარი საქართველოს საზღვაო სანაოსნოსა და “ჭიათურმანგანუმის“ პრივატიზაციის მსურველ იმ კომპანიებთან, რომელთაც ყველაზე მისაღები წინადადებები წარმოადგინეს, ინდივიდუალური მოლაპარაკებების დასრულების თარიღად დაასახელა.
“პრივატიზაციის პროცესი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ჩვენ იმაზე მეტი წინადადებები მივიღეთ, ვიდრე ველოდით“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 11 იანვარს ბრიფინგზე, რომელიც წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურიდან რამოდენიმე წუთში გაიმართა.
მისი თქმით, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს აქციების 100%-ის შესყიდვის სურვილი საერთო ჯამში შვიდმა კომპანიამ გამოთქვა. ხოლო ოთხი კომპანია “ჭიათურმანგანუმისა“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის ერთიანი პაკეტის შეძენით დაინტერესდა.
“საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შესყიდვის მსურველების მიერ შემოთავაზებული თანხა 17 მილიონიდან 117 მილიონ დოლარამდე მერყეობს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, შვიდიდან სამი კომპანია 100 მილიონ დოლარზე მეტს იხდის “და [არაკონკურენტუნარიანი წინადადების გამო] ერთი აშკარა აუთსაიდერიც გამოიკვეთა”, დასძინა ჟვანიამ, თუმცა კომპანიები არ დაუკონკრეტებია.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პრივატიზებასთან დაკავშირებით შემდეგმა კომპანიებმა შეიტანეს განაცხადები: კვიპროსის საინვესტიციო კომპანიამ Schoeller Holdings Ltd, ბრიტანულმა Marine Capital Limited, ავსტრალიურმა ASP Ship Management Pty Ltd, “გრინოუქ გრუფმა“, თურქულმა Koryat-მა, იტალიურმა Co Arma-მ და რუსულმა “პრომიშლენნი ინვესტორ“-მა. ამ უკანასკნელის თანამფლობელი სერგეი გენერალოვია, რომელიც 1998-1999 წლებში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი იყო. რუსული კომპანია უკვე აკონტროლებს კომპანია “დალნევოსტოჩნოე მორსკოე პოროხოდსტვო“-ს.
“მას შემდეგ, რაც სანაოსნოს პრივატიზების თაობაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ წინასწარ მემორანდუმს ერთ-ერთ კომპანიასთან [გრინოუქ გრუფთან], ბევრს ეგონა, რომ სანაოსნოს ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამოჩნდნენ კონკურენტუნარიანი კომპანიები, რომლებიც მზად არიან იგივე თანხა მხოლოდ სანაოსნოში გადაიხადონ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გასულ დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას “გრინოუქ გრუფთან“ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და სამი ნავმისადგომის 107 მილიონ დოლარად გაყიდვის თაობაზე.
“ახლა ამ კომპანიას [გრინოუქ გრუფს] სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ“, განაცხადა ჟვანიამ.
ამჟამად, საქართველოს მთავრობა საზღვაო სანაოსნოს აქციების 100%-ის მფლობელია, სანაოსნოს მფლობელობაშია 15 სატვირთო გემი, კომპანიაში 700 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, გაზეთი “24 საათი“ 20 დეკემბერს იუწყებოდა, რომ 15-დან 13 გემი გირაოს სახით ერთ-ერთი გერმანულ ბანკშია ჩადებული. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს “ოუშენ შიფინგის” ვალის საერთო რაოდენობა 72 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ასევე ისაუბრა ოთხი კომპანიის მიერ „ჭიათურმანგანუმისა“ და “ვარციხეჰესის” ერთიანი პაკეტით გაყიდვასთან დაკავშირებით წარდგენილი წინადადებების თაობაზე.
“კომპანიების მიერ მხოლოდ “ჭიათურმანგანუმში“ შემოთავაზებული თანხა 47 მილიონიდან 67 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ხოლო ორივე ობიექტისთვის შემოთავაზებული თანხა კი 85 მილიონიდან 117 მილიონ დოლარამდე“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“ერთი კომპანია 85 მილიონ დოლარს გვთავაზობს, მაშინ როცა დანარჩენი სამი კომპანია მზად არის 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადოს. ამგვარად, კონკურენცია საკმაოდ სერიოზულია“, დასძინა მან, თუმცა კვლავ არ დააკონკრეტა კომპანიები.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს ოთხი კომპანიაა: უკრაინული Interpipe Corp.; ავსტრიული DCM; რუსული Evrazholding Group და ჩეხური კომპანია Moravia-Georgia.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული Interpipe Corp. სწორედ ის კომპანიაა, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტს იხდის “ჭიათურმანგანუმისა“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის ერთიან პაკეტში, კერძოდ კი 117 მილიონ დოლარს. გარდა ამისა, კომპანია პირობას დებს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში 60 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საწარმოებში. უკრაინული კომპანიის მფლობელია გავლენიანი ბიზნესმენი ვიქტორ პინჩუკი, უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძე.
ავსტრიულმა DCM დეპოზიტზე უკვე შეიტანა 10 მილიონი დოლარი, რათა დაადასტუროს თავისი სერიოზული განზრახვა “ჭიათურმანგანუმისა“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის ერთიან პაკეტში შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა თანხის გადახდას სთავაზობს მთავრობას ავსტრიული კომპანია.
2003 წელს DCM-მ შეისყიდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის აქციების საკონტროლო პაკეტი. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა “ჭიათურმანგანუმის“ პროდუქციის უმსხვილესი მომხმარებელია.
ზურაბ ჟვანიამ 11 იანვარს განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე შეწყვიტა მოლაპარაკებები, როგორც მან აღნიშნა, “აუთსაიდერ კომპანიებთან“. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ თითოეულ იმ კომპანიასთან, რომელმაც მისაღები წინადადებები წარადგინა.
“ინდივიდუალი მოლაპარაკეკები თითოეულ კომპანიასთან 18 იანვარს დასრულდება“, დასძინა მან.
ზურაბ ჟვანიას თქმით, იმ კომპანიებმა, რომელთა წინადადებებიც საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, “მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დეპოზიტზე თანხის შეტანით უნდა დაადასტურონ თავიანთი განზრახულობა ამ ობიექტების შესყიდვის თაობაზე”.