
საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და “ჭიათურმანგანუმის“ საპრივატიზაციო პაკეტები გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 11 იანვარს პრეს-კონფერენცია გამართა და საზოგადოებას უცხოური კომპანიების მიერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და ასევე “ჭიათურმანგანუმისა“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის ერთიანი პაკეტით გაყიდვის თაობაზე საპრივატიზაციო წინადადებები გააცნო.
“საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შესყიდვის სურვილი შვიდმა კომპანიამ გამოთქვა. თანხის რაოდენობა, რასაც ისინი გვთავაზობენ 17 მილიონიდან 117 მილიონ დოლარამდე მერყეობს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, შვიდიდან სამი კომპანია 100 მილიონ დოლარზე მეტს იხდის. “და [არაკონკურენტუნარიანი წინადადების გამო] ერთი აშკარად აუთსაიდერი კომპანიაა“, დასძინა ჟვანიამ, თუმცა კომპანიები არ დაუკონკრეტებია.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ წინასწარ მემორანდუმს ერთ-ერთ კომპანიასთან [გრინოუქ გრუფთან] სანაოსნოს პრივატიზების თაობაზე, ბევრს ეგონა, რომ კომპანიის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამოჩნდნენ კონკურენტუნარიანი კომპანიები, რომლებიც მზად არიან იგივე თანხა მხოლოდ სანაოსნოშო გადაიხადონ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გასულ დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას “გრინოუქ გრუფთან“ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს და სამი ნავმისადგომის 107 მილიონ დოლარად გაყიდვის თაობაზე.
“ახლა ამ კომპანიას [გრინოუქ გრუფს] სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა“, განაცხადა ჟვანიამ.
მან ასევე ისაუბრა იმ წინადადებებზე, რომლებიც ოთხმა კომპანიამ წარადგინა “ჭიათურმანგანუმისა“ და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურის საპრივატიზაციო პაკეტთან დაკავშირებით.
“კომპანიების მიერ მხოლოდ “ჭიათურმანგანუმში“ შემოთავაზებული თანხა 47 მილიონიდან 67 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ხოლო ორივე ობიექტისთვის შემოთავაზებული თანხა კი 85 მილიონიდან 117 მილიონ დოლარამდე“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“ერთი კომპანია 85 მილიონ დოლარს გვთავაზობს, მაშინ როცა დანარჩენი სამი კომპანია მზად არის 100 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადოს. ამგვარად, კონკურენცია საკმაოდ სერიოზულია“, დასძინა მან.
ზურაბ ჟვანიას თქმით, მთავრობამ უკვე შეწყვიტა მოლაპარაკებები, როგორც მან აღნიშნა, “აუთსაიდერ კომპანიებთან“. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ თითოეულ იმ კომპანიასთან, რომელმაც მისაღები წინადადებები წარადგინა.
“ინდივიდუალი მოლაპარაკეკები თითოეულ კომპანიასთან 18 იანვარს დასრულდება“, დასძინა მან.
ზურაბ ჟვანიას თქმით, იმ კომპანიებმა, რომელთა წინადადებებიც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მთავრობისთვის, “მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დეპოზიტზე თანხის შეტანით უნდა დაადასტურონ თავიანთი განზრახულება ამ ობიექტების შესყიდვის თაობაზე”.