
ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს აფხაზეთის არჩევნების გადადება სურს
10 იანვარს აფხაზეთის რამდენიმე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა, “თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო დროის ნაკლებობის“ მოტივით, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.
ამ პარტიებს შორის არიან აფხაზეთის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია “აფსნი“, “სამშობლოს დამცველთა კავშირი“, აფხაზური საზოგადოება “აფსადგილი“ და აფხაზეთში რუსული ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები.
ახლადშექმნილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ “აიააირამ“ (გამარჯვება) განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების 12 იანვარს ჩატარება დაუშვებელია, რადგანაც მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ დამთავრებულა. მანამდე 8 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ახიაცამ“ ასევე განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება 12 იანვარს არასწორი იქნება.
ამ პარტიების უმეტესობა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას პოლიტიკის მომხრეები არიან.
არჩევნების წინ ქართულ და აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა საზოგადოებას ამზადებენ იმ აზრისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა გაუქმდეს. ხაშბა შიშობს, რომ სერგეი ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში იგი თავის პოლიტიკურ და ფინანსურ გავლენას დაკარგავს.