ახალი ამბები

აფხაზეთი განმეორებით არჩევნებში ახალ დე ფაქტო პრეზიდენტს ირჩევს

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე არჩევნებია. გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულმა არჩევნებმა აფხაზეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რომელმაც რეგიონი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა.
 
პრეზიდენტობის კანდიდატ სერგეი ბაღაფშთან ერთად, კენჭს იყრის ასევე სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა, თუმცა მას წარმატების ნაკლები შანსები აქვს. ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში, მისი ყოფილი მეტოქე რაულ ხაჯიმბა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. იგი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებს გაუწევს კურირებას.
 
დამკვირვებელთა თქმით, სერგეი ბაღაფშის ერთადერთი დაბრკოლება 12 იანვრის არჩევნებზე შეიძლება ამორჩეველთა დაბალი აქტივობა გახდეს, რამაც შესაძლოა არჩევნების ჩაშლა გამოიწვიოს.
 
არჩევნების წინ ქართულ და აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა საზოგადოებას ამზადებენ იმ აზრისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა გაუქმდეს. ხაშბა შიშობს, რომ სერგეი ბაღაფშის გამარჯვების შემთხვევაში იგი თავის პოლიტიკურ და ფინანსურ გავლენას დაკარგავს.
 
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილი მაღალი რანგი მოხელე ნოდარ ხაშბა აფხაზეთში, მისივე თქმით,  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაგზავნა 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამწვავებული სიტუაციის მოწესრიგების მიზნით.
 
პრეზიდენტობის კანდიდატმა იაკუბ ლაკობამ ასევე გააკეთა მინიშნება გარკვეულ საფრთხეზე, როდესაც 10 იანვარს შეშფოთება გამოხატა ამომრჩეველთა არაზუსტ სიებთან დაკავშირებით. "აფხაზეთში 168 000 კანონიერი ამომრჩეველია. 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 137 000 ამომრჩეველი იქნა რეგისტრირებული. ახლა, ეს რიცხვი 113 000-მდე შემცირდა.  ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მესამე ამომრჩეველს ხმის უფლება ჩამოერთმევა“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“ იაკუბ ლაკობას სიტყვებზე დაყრდნობით.
 
"ხალხი არჩევნებით კი არა, სიცრუით დაიღალა. სწორედ ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ ამომრჩევლები არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რაც კარგი არ არის, თუმცა ამისათვის ხალხს ვერ დავადანაშაულებთ“, დასძენს ლაკობა.
 
ცოტა ხნის წინ რამდენიმე, ძირითადად ვლადისლავ არძინბასთან დაახლოებულმა,    საზოგადოებრივმა მოძრაობამ მომავალ არჩევნებს “მოუმზადებელი“ უწოდა და მისი გადადება მოითხოვა.
 
საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ მიერ 10 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ “აიააირამ“ (გამარჯვება) განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების 12 იანვარს ჩატარება დაუშვებელია, რადგანაც მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ დამთავრებულა. მანამდე 8 იანვარს საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ახიაცამ“ ასევე განაცხადა, რომ არჩევნების ჩატარება 12 იანვარს არასწორი იქნება.
 
ამავდროულად, სოხუმში რუს დეპუტატთა ჯგუფი ჩადის რუსეთის სახელწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის სერგეი ბაბურინის ხელმძღვანელობით. ისინი საპრეზიდენტო არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებენ.
 
რუს დეპუტატთა სოხუმში ჩასვლამ თბილისის პროტესტი გამოიწვია. “რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად გააგზავნა დამკვირვებლები თვითგამოცხადებული აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებს 10 იანვარს.
 
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის სერგეი ბაბურინის ეს უკვე მეორე ვიზიტია სოხუმში ბოლო ორი თვის მანძილზე. მან გასულ დეკემბერს სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის სოხუმში გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. 
 
3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ორ კანდიდატს – ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშსა და სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად რეგიონში ორთვიანი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.
 
რაულ ხაჯიმბასა და სერგეი ბაღაფშის დაპირისპირების შემდეგ მხარეები რუსეთმა აიძულა კომპრომისზე წასულიყვნენ. მაშინვე, როგორც კი გაირკვა, რომ ხაჯიმბა ბრძოლას აგებდა, მოსკოვმა აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა – ჩაკეტა რკინიგზა და აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი აკრძალა.
 
თუმცა დეკემბერში ერთ დროს მეტოქეები ბაღაფში და ხაჯიმბა ძალაუფლების გაყოფაზე და მომავალ არჩევნებში ერთიანი გუნდით მონაწილეობაზე შეთანხმდნენ.  
 

Back to top button