
ქართული პრესა მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს
10 იანვარს გაზეთ “რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სარედაქტორო სვეტში ნათქვამია, რომ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბოლოდროინდელი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ “ზურაბ ჟვანიას გუნდთან” მისი გაპრემიერების სურვილით იყო გამოწვეული.
ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დეკემბერში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად გიორგი ბარამიძე შეცვალა თავდაცვის მინისტრის პოსტზე, გასულ კვირას თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი რანგის მოხელე სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
ამის პასუხად, გიორგი ბარამიძემ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო მინისტრის რანგში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს კურირებს, ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ “ინტრიგების ხლართვაში” საჯაროდ დაადანაშაულა.
“საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ ოქრუაშვილი ჟვანიას გუნდზე ისევ არაერთხელ მიიტანს იერიშს და ეს საბოლოოდ მისი გაპრემიერებით დასრულდება“, წერს “რეზონანსი“.
გაზეთი ვარაუდობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ოქრუაშვილის უახლოესი მეკავშირეები გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე იქნებიან.