
ბზარი “ფარულ კოალიციურ” მთავრობაში
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც თავისი ვიზიტი შეწყვიტა უკრაინაში, 6 იანვარს დაპირისპირებულ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსა და სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს საჯარო გააფრთხილება მისცა, რომ არ დაუშვებს დაპირისპირებას მთავრობის წევრებს შორის. ხელისუფლების მტკიცებით, ამით ამოიწურა ორდღიანი ინციდენტი, რომლითაც ოქრუაშვილმა და ბარამიძემ ერთმანეთთან ურთიერთობები პრეს-კონფერენციებით არკვიეს და რამაც სააკაშვილისა და ჟვანიას “გუნდებს” შორის უკვე ღია “კინკლაობის” სახე მიიღო.
“არ ვაპირებ შევეგუო დაპირისპირებას მთავრობის წევრებს შორის. ორივე ჩემი მეგობრები ხართ, მაგრამ თუ მომავალში რომელიმე მინისტრს გაუჩნდება ცდუნება, რომ მთავრობის შიგნით ურთიერთობები ჯერ პრეს-კონფერენციებით გაარკვიოთ და შემდეგ საქმიან ვითარებაში, კარი ღიაა და შეგიძლიათ წახვიდეთ, შეუცვლელი არავის არის“, განაცხადა 6 იანვარს პრეზიდენტმა თავდაცვის და სახელმწიფო მინისტრებთან შეხვედრისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიაც ესწრებოდა.
დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ე.წ. “ფარული კოალიციური“ მთავრობაა, სადაც აზრთა აშკარა სხვადასხვაობის მიუხედავად, დაპირისპირებას კრიტიკული ზღვარისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.
“ის, რომ მთავრობაში შინაგანი წინააღმდეგობები არსებობს, ნორმალურია, მაგრამ ცუდია, როცა ეს საჯარო სახეს იღებს. მინისტრების ეს დაპირისპირება იყო სახიფათო სიგნალი ხელისუფლებისთვის და ბუნებრივია, რომ სააკაშვილმა, მაშინვე სცადა მისი ჩაქრობა, რაც გამოუვიდა კიდეც”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გია ნოდიამ, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტიდან”.
პოლიტიკური მიმომხილველი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილი-ბარამიძის დაპირისპირება რეალურად იყო ხელისუფლებაში არსებულ პოლიტიკურ გუნდებს შორის “პირველი ღია ბზარი”, რომელსაც საფუძველი განვლილი ერთი წლის მანძილზე ეყრებოდა.
“ამ დაპირისპირების პოლიტიკური მნიშვნელობა მართლაც ძალიან დიდია, ეს იყო პოლიტიკურ გუნდებს შორის დაპირისპირება და არა მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ დაგროვილი აგრესიის გამოვლენა”, აცხადებს ია ანთაძე “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.
“რა თქმა უნდა არის ამაში სააკაშვილი-ჟვანიას დაპირისპირების ნიშნები და ვიცით, რომ მართლაც არსებობს ფარული დაპირისპირება მათ შორის, მაგრამ ისინი თავად არ არიან ამაში დაინტერესებულები,” აცხადებს გია ნოდია.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს გიორგი ბარამიძესა და მოქმედ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს შორის დადებულ “ზავს”, რომლის დემონსტრირებაც მათ ტელეკამერების წინ ერთმანეთისთვის ხელის ჩამოთმევით მოახდინეს, წინ უძღოდა საჯარო ურთიერთბრალდებები.
4 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი რანგის მოხელე სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პრეს-კონფერენცია მოიწვია და ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ “ინტრიგების ხლართვაში“ და ხელისუფლების ერთიან გუნდში “განხეთქილების” შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე წარმოადგინა მასალები, რომლითაც ოქრუაშვილის ბრალდებების გაბათილებას შეეცადა.
“არა მგონია, რომ ოქრუაშვილს თავის განცხადება, რომელიც ლოკალური მიზნებით იყო განპირობებული, პრეზიდენტთან შეეთანხმებინა, მან უბრალოდ მორიგი მაღალი თანამდებობა დაიკავა და მოინდომა, რომ პირველი მისი ნაბიჯები ძლიერი გამოჩენილიყო, თუმცა მასალა, რომელიც მას მიაწოდეს, სუსტი აღმოჩნდა. ამით კი ისარგებლა ჟვანიამ, რომელიც ოქრუაშვილის მხრიდან შეცდომის დაშვებას ელოდებოდა. ვფიქრობ, რომ მაშინ, როცა ოქრუაშვილი ბრიფინგს მართავდა, იგი ბარამიძის ასეთ საპასუხო რეაქციას, რომელიც მთელი წლის მანძილზე ძალიან სუსტი იყო ხოლმე, არ მოელოდა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ია ანთაძემ.
მისი თქმით ბარამიძე არ გააკეთებდა განცხადებას ჟვანიასთან შეუთანხმებლად. “ე.წ ჟვანიას გუნდისთვის შემაშფოთებელია ის გავლენა, რაც ოქრუაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა მოიპოვეს, ერთი ცალსახაა, რომ რამდენადაც ფართოვდება ოქრუაშვილის გავლენა, იმდენად სუსტდება ჟვანიას პოზიციები”, დასძინა ია ანთაძე.
იურისტი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ მომხდარით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიუღებელი მეთოდებით ხდება ქვეყნის მართვა და სადაო საკითხების განხილვა. მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა ისეთი მმართველობის სტრუქტურა, სადაც თანამდებობის პირები პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებენ.
“რეალურად და კონსტიტუციურადაც არსებობს ორი სახელმწიფოებრივი ცენტრი, რომლის ლიდერებიც არიან სააკაშვილი და ჟვანია და მათთან მეტ-ნაკლებად დაახლოებული პირები. სააკაშვილს, რომელიც თავის თავზე იღებს გადამწყვეტ სიტყვას, ისე უნდა ჰქონდეს სისტემა აწყობილი, რომ მისი ქვეყანაში არყოფნის დროსაც ეფექტურად იმუშაოს, ხოლო ჟვანიას თუ უნდა, რომ ქვეყანაში რეალურად იყოს მეორე პირი, საკუთარ მთავრობაში მსგავსი ინციდენტები არ უნდა დაუშვას”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დავით უსუფაშვილმა.
ექსპერტები ასევე უარყოფითად აფასებენ იმ ტერმინოლოგიასა და ტონს, რომლითაც მინისტრები საუბრობენ. 4 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სურს იხილოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო “ერთი თვის შემდეგ ციხეში”, რასაც 6 იანვარს ბარამიძის ასეთი რეაქცია მოჰყვა, “ყველამ ბოდიში მოიხადოს და პირში წყალი გამოივლოს, სანამ ასეთ რამეს იტყვის. ოქრუაშვილს არ აქვს უფლება მოისხას პროკურორის მანტია”.
“როცა ოქრუაშვილის განცხადებებზე ბარამიძე აღშფოთებას გამოთქვამს, ავიწყდება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თავადაც ხშირად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმციას, რასაც პრეზიდენტიც ასევე ხშირად არღვევს ხოლმე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ტიპის აღშფოთებები ქვეყანას გამოაფხიზლებს”, აცხადებს დავით უსუფაშვილი.
“სამწუხაროდ, ოქრუაშვილის ქმედებები არასოდეს ჯდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ჩარჩოებში, მას შეიძლება უნდოდეს, რომ იხილოს კორუმპირებულები ციხეში, მაგრამ ავიწყდება, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია”, აცხადებს ია ანთაძე.
დამკვირვებლები ასევე საუბრობენ იმ იმედგაცრუებაზე ხელისუფლების მიმართ, რომელიც მთავრობაში ღია დაპირისპირების შედეგად იზრდება. “საზოგადოების ნაწილი, რომელიც უარყოფითად უყურებს ხელისუფლებას, ამ ინციდენტმა გაახარა. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი მოვლენები საზოგადოებაში სკეპტიციზმს აძლიერებს”, აცხადებს გია ნოდია.
“საზოგადოება, რომელსაც უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ ქვეყანას ზრდასრული ადამიანები მართავენ, ძალიან დიდ შეშფოთებით ადევნებს თვალს ყველაფერ ამას”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, დაპირისპირების ეს ტენდენცია ახალი არ არის. იგი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა და პროგნოზირებადიც იყო. “თუკი ამას გაგრძელება მოჰყვა, ეს დამღუპველი იქნება თავად ხელისუფლებისათვის და არა ქვეყნისთვის, რადგან არც გამსახურდიას და არც შევარდნაძეს ქვეყანა უკან არ გაჰყოლია”, აცხადებს დავით უსუფაშვილი.
გია ნოდიას მოსაზრებით კი, “ერთეული შემთხვევა” ტენდენციას ვერ აყალიბებს, “თუკი ასეთი შემთხვევები გახშირდება, ეს უკვე ღია განხეთქილების მომასწავებელი იქნება,” მაგრამ “ფარული კოალიციური” მთავრობის გამაერთიანებელი არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც შესწევს უნარი, რომ “დაპირისპირებამ კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწიოს”.
თუმცა ია ანთაძე მთავრობაში განვითარებულ მოვლენებში ერთ პოზიტიურ მომენტსაც გამოყოფს. მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც განსხვავებული აზრი ფაქტიურად გაქრა, მთავრობის შიგნით არსებულ სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონკურენცია შესაძლოა უკეთესიც იყოს.
“საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობაში იყოს ჰარმონია, მაგრამ დემოკრატიული პროცესებისთვის და ქვეყნის განვითარებისათვის, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როცა ფაქტიურად არ არსებობს ოპოზიცია, თავისუფალი მედია, სასამართლო ხელისუფლება, კონკურენტული ჯგუფების ხელისუფლების შიგნით არსებობა უფრო სიჯანსაღის მომტანია”, მიიჩნევს ია ანთაძე.