ახალი ამბები

რუსეთი საქართველოსგან ჩეჩნების ექსტრადიციას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებას გამოთქვამს თბილისის მიმართ, რომელმაც “რუსული მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად” მოსკოვს არ გადასცა 2002 წელს რუსეთ-საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული ჩეჩნები. დაკავებული 13 ჩეჩენიდან 5 ადამიანი იქნა ექსტრადირებული საქართველოს მიერ.

“სამწუხაროდ, ამით შემოიფარგლა ეს საქმე”, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 6 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში დარჩენილ ჩეჩენ პატიმართა საქმეები, რომელთაც იარაღით ხელში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება ჰქონდათ წაყენებული, 2004 წლის შემოდგომაზე ქართულმა სასამართლომ, როგორც რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, “უსაფუძვლოდ” გადასინჯა. 

“რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს კვლავაც სერიოზული კითხვები რჩებათ აღნიშნული [ჩეჩენთა] ჯგუფის მიმართ, რომლების უახლოეს მომავალში პატიმრობიდან იქნებიან გათავისუფლებული”, აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ჩეჩენი ეროვნების ასლან ხანჩუკაევი 5 იანვარს პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან ორწელიწადნახევარი თბილისში ციხეში გაატარა. ახმედ მაგამედოვი და ხაზმად ისაევი კი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 6 იანვარს გაათავისუფლა. თუმცა, გათავისუფლებულთა ახლობლებმა იმთავითვე გამოთქვეს შიში, რომ მათ “ფარულ ექსტრადაციას” ექნება ადგილი.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მათ “ხელთ არსებული ინფორმაციით” საქართველოს ტერიტორიას რუსეთში დანაშაულის ჩამდენი “რიგი სხვა პირებიც აფარებენ თავს”, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს არ განიხილავს, როგორც “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამყარებისკენ მიმართულს”.

Back to top button