ახალი ამბები

ანდრეი კოკოშინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გართულებაზე საუბრობს

რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კოკოშინმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი დანიშვნების ფონზე შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში სიტუაციის შესაძლო გართულების თაობაზე.


“რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დიდი სიფრთხილით ეკიდება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას, რადგანაც იგი განიხილება როგორც “ომის პარტიის“ წარმომადგენელი“, აცხადებს 21 დეკემბერს “რია ნოვოსტი“ ანდრეი კოკოშინის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, “ახლა ყველაზე მეტადაა მოსალოდნელი სიტუაციის გართულება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის“.


“რია ნოვოსტი“ ასევე იუწყება კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, რომ სწორედ ოქრუაშვილი ითხოვდა დაჟინებით “ცხინვალის კრიზისის ძალისმიერი მეთოდით მოგვარებას“, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი საკმაოდ კატეგორიული და მკაცრი განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობის მისამართით.

Back to top button