
ლავროვი: ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიამ თავისი ფუნქციები ამოწურა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 8 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიამ საქართველოში “უკვე ამოწურა თავისი ფუნქციები“.
რუსეთი ემხრობა მისიის დასრულებას რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის 280-კილომეტრიან მონაკვეთებზე.
თუმცა ლავროვი თვლის, რომ ტერორისტების მიერ საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონო გადალახვის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის, მიუხედავად “ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის ეფექტური თანამშრომლობისა”.
საქართველოს მიაჩნია, რომ ეუთოს მიერ საზღვრის მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის ბრალდებები საქართველოში ჩეჩენი ტერორისტების არსებობის თაობაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას ეუთოს მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
“საქართველოში ეუთოს მიერ საზღვრის მონიტორინგი ხელს უწყობს საზღვარზე სტაბილურობის შენარჩუნებას და მისი მანდატი ერთი წლით უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისიას თავისი საქმიანობისთვის საჭირო მხარდაჭერა და რესურსები აქვს”, განაცხადა კოლინ პაუელმა 7 დეკემბერს.