
ეუთო მიესალმება პროგრესს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გზაზე
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ 6 დეკემბერს სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს მე-12 სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ეუთო მიესალმება ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის მიღწეულ პროგრესს.
“ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა მიღწეული ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე. ღონისძიებები, რომლებიც კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას უზრუნველყოფს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს და შემდეგ მთავარი ყურადღება პოლიტიკურ მოლაპარაკებებს უნდა დაეთმოს“, აცხადებს “სოფიის საინფორმაციო სააგენტო” პასის სიტყვებზე დაყრდნობით.
პასის განცხადებით, ეუთოს აქტიური ჩართვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში იმ ფაქტითაც დადასტურდა, რომ ბულგარეთის ცნობილი სახელმწიფო მოხელე, ყოფილი პრეზიდენტი ჟელიუ ჟელევი საქართველოში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენლად დაინიშნა .