
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის ფაქტს უარყოფს
თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური უარყოფს 26 ნოემბერს აფხაზეთის პარლამენტართა განცხადებას სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ, აცხადებს რუსული საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმი”.
დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის თავდაცვის და ძალოვან სტრუქტურებს დაქვემდებარებული ნაწილები დისლოკაციის ადგილებში იმყოფებიან და “მათი რაოდენობის გაზრდა განპირობებულია საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მოტივით“.
26 ნოემბერს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ სამთავრობო შენობების უკეთ დაცვის მოტივით უკანონო ფორმირებების შექმნის გამო და ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურ პროკურორს მიმართვა გაუგზავნა.