
თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება
თვითგამოცახდებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბული და გაურკვეველია. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს – სერგეი ბაღაფში თვლის, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა და 6 დეკემბრის ინაუგურაციისთვის ემზადება; სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა კი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა სრულად უჭერს რა მხარს ხაჯიმბას მოთხოვნას განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე, ბაღაფშის სასარგებლოდ უფლებამოსილების მოხსნას არ აპირებს.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას 24 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არძინბა 6 დეკემბრის შემდეგაც არ აპირებს პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეწყვეტას და კვლავაც საპრეზიდენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარების საკითხს აყენებს.
“აფხაზეთში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი კანონიერი გზა არის განმეორებითი საპრეზიდნეტო არჩევნების ჩატარება“, ნათქვამია არძინბას განცხადებაზე დაყრდნობით აფხაზური სააგენტო “აფსნის“ 24 ნოემბრის ინფორმაციაში.
არძინბა აფხაზური ოპოზიციის ქმედებებში იუგოსლავიის, საქართველოს და ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ანალოგიას ხედავს, სადაც ოპოზიციამ ხელისუფლება რევოლუციის გზით შეცვალა. ამის დასტურად დე ფაქტო პრეზიდენტს 12 ნოემბერს ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის სერგეი ბაღაფშის მომხრეების მიერ სამთავრობო რეზიდენციის შტურმით აღების ფაქტი მოჰყავს.
ამასთან, თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტი 25 ნოემბერს იღებს კანონს “აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის შესახებ”, რომელიც არძინბას და მისი ოჯახის ხელშეუხებლობას, მატერიალურ უზრუნველყოფას, სამართლებრივი და სოციალური დაცვის უპრეცედენტო გარანტიებს ითვალისწინებს.
24 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უხუცესთა საბჭომ, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს, ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა. უხუცესთა საბჭოს ფორმატი დიალოგის თითქმის ერთადერთ საშულებად რჩება საპრეზიდენტო კანდიდატებსა და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ნოდარ ხაშბას შორის.
“ის კანდიდატი უნდა გახდეს პრეზიდენტი, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში, ხოლო იმ კანდიდატმა, რომელმაც ხმების დიდი რაოდენობა მოიპოვა, პრეზიდენტის გუნდში უნდა იმუშავოს“, აცხადებს “აფსნიპრესი“ უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის პაველ აძინბას სიტყვებზე დაყრდნობით.
თუმცა აფხაზეთის პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა უარს აცხადებს შესაძლებლობაზე თვითგამოცხადებული რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს სერგეი ბაღაფშის მთავრობაში.
“მე შემომთავაზეს პრემიერ-მინისტრის ან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. მაგრამ, მე უკვე ვიყავი პრემიერ-მინისტრი“, აცხადებს რაულ ხაჯიმბა.
ხაჯიმბას თქმით, ბაღაფშის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების შესახებ “კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას აფხაზეთში“.
ოპოზიცია კვლავაც აკონტროლებს სოხუმში სამთავრობო შენობებს, ხაჯიმბას მომხრეებს კი ტელევიზიის შენობა აქვთ დაკავებული. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა, რომელიც იძულებულია საქმიანობა სამთავრობო აგარაკიდან განახორციელოს, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს შენობების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.
“მოთხოვნის შეუსრულების შემთხვევაში აფხაზეთის ხელისუფლება ბაღაფშსა და ხაჯინბას აკისრებს პასუხისმგებლობას მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე”, აცხადებს ხაშბა.
დე ფაქტო პრემიერი უარყოფს ინფორმაციას მთავრობის შესაძლო გადადგომის შესახებ და აცხადებს, “ჩვენ [მთავრობა] ვრჩებით ადგილებზე, რადგან დღეს მხოლოდ მთავრობას შეუძლია შეაჩეროს კრიზისი. როცა დავინახავთ, რომ მთავრობაზე აღარაფერია დამოკიდებული, მაშინ ვიფიქრებთ წასვლაზე“, აცხადებს ხაშბა.
როგორც ჩანს, ხაშბა ხელისუფლების შენარჩუნების გზებს მოსკოვში ეძებს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ ცნობით, დე ფატო პრემიერ-მინისტრი 25 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის ოფიციოზთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, ვიზიტის მიზანი და იმ პირთა ვინაობა, ვისთანაც ხაშბა კონსულტაციებს გადის, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ხაშბას ვიზიტს წინ უძღვის კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ალექსანდრე ტკაჩოვის მუქარა აფხაზეთის რუსეთისაგან სრული იზოლაციის შესახებ. რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 23 ნოემბერს კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა აფხაზეთთან საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ გააკეთა განცხადება, იმ შემთხვევაში “თუ აფხაზი ხალხი გონს არ მოეგება და პრეზიდენტად ბაღაფშს აღიარებს, რომლის უკანაც კრიმინალური და ანტირუსული ძალები დგანან”. ტკაჩოვი აფხაზებს პენსიის შეწყვეტითაც დაემუქრა და შეახსენა, რომ მათ პენსიებს რუსეთი უხდის.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სერგეი ბაღაფშმა დაგმო ტკაჩოვის განცხადება, რომელიც “შანტაჟად და პოლიტიკურ პროვოკაციად” შეაფასა.
პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატის რაულ ხაჯიმბას თქმით კი, ტკაჩოვის განცხადება “არა მხოლოდ მისი, არამედ რუსეთის ხელმძღვანელობის პოზიციაა, თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოსკოვში ჩვენი [ხაჯიმბას და ბაღაფშის 2 ნოემბერს ერთდროული]ვიზიტისას მსგავსი ნაბიჯების [საზღვრის ჩაკეტვის] შესახებ მინიშნებები გაკეთდა”, აცხადებს 24 ნოემბერს სააგენტო “რეგნუმი” ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდობით.
მაშინ, როცა აფხაზეთში 6 დეკემბრის მოახლოებასთან ერთად ვითარება სულ უფრო იძაბება და მხარეებს შორის კომპრომისი მიუღწევადი ჩანს, ხოლო რუსეთი აფხაზეთზე ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებით იმუქრება, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 23 ნოემბერს აცხადებს, რომ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო შესაფერის მომენტს ელოდება”.
“ეს დროის საქმეა და ჩვენ ვემზადებით ამისთვის, აფხაზეთში ვაკონტროლებთ სიტუაციას და გარკვეული ბერკეტებიც გაგვაჩნია”, მაგრამ პრეზიდენტის განცხადებით, აფხაზეთში შექმნილ კრიზისში “ჩვენი საჯარო და ზედმეტი აქტიურობა მტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს”.