
პარლამენტი “უმაღლესი განათლების” შესახებ კანონპროექტს განიხილავს
დღეს საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც სხდომაზე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ წარადგინა.
“კანონპროექტის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში რეფორმების გატარება, რითაც საქართველო ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შემადგენელი ნაწილი გახდება”, განაცხადა ლომაიამ პარლამენტის 25 ნოემბრის სხდომაზე.
კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო, 5 ძირითად პრინციპზეა აგებული, რომელთაგანაც უმთავრესია უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა, თვითმმართველობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება და საუნივერსიტეტო მმართველობაში აკადემიური და სამეურნეო ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯვნა.
კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში “მემარჯვენე ოპოზიცია”, რომელმაც კანონპროექტთან მიმართებაში ათი კრიტიკული შენიშვნა წარმოადგინა.