
თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს
რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხაშბამ უარყო აფხაზეთის ოპოზიციის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც“ხაშბამ მოუწოდა რუსეთის ადმინისტრაციას რეგიონში წესრიგის აღსადგენად ჯარები შეიყვანოს აფხაზეთში“.
აფხაზეთის ოპოზიციური მოძრაობების “ამცახარას“, “აიტაირას“ და “ერთიანი აფხაზეთის“ ლიდერებმა რუსეთის მთავრობას 16 ნოემბერს მიმართვა გაუგზავნეს, რომელშიც ისინი 12 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ პრეზიდენტობის კანდიდატების სერგეი ბაღაფშის და რაულ ხაჯიმბას მომხრეებს შორის მომხდარი შეტაკების გამო მთელ პასუხისმგებლობას ხაშბას აკისრებენ.
“ხაშბამ იგნორირება გაუკეთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნას გამოსულიყო აქციაზე, რასაც საბოლოოდ ტრაგედია მოჰყვა“, ნათქვამია მიმართვაში.
“მე მართლაც ვუჭერ მხარს რუსეთის პოზიციას აფხაზეთთან მიმართებაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მე პროაფხაზური პრემიერ-მინისტრი ვარ და არასოდეს მითხოვია რუსეთისთვის ჯარები გამოეგზავნა აფხაზეთში“, განაცხადა ხაშბამ 16 ნოემბერს.
მისი თქმით, იგი კვლავ განაგრძობს მოლაპარაკებებს პრეზიდენტობის კანდიდატებთან. “სერგეი ბაღაფში [ოპოზიციის ლიდერი] დამპირდა, რომ მოაგვარებს სამთავრობო შენობებიდან მისი მხარდამჭერების გაყვანის საკითხს“, დასძინა ხაშბამ.