
პარლამენტმა მხარი დაუჭირა “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ქარტიის რატიფიცირებას
დღეს საქართველოს პარლამენტმა 121 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის 24 პუნქტის რატიფიცირებას. ამით საქართველო ასრულებს კიდევ ერთ ვალდებულებას, რომელიც მან ევროპის საბჭოს წინაშე 1999 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს აიღო.
“აღებული 33 ვალდებულებიდან ამ დროისათვის საქართველოს 5 ვალდებულების შესრულება აქვს დარჩენილი”, აცხადებს ევროპის საბჭოში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ელენე თევდორაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ ქარტიას 2002 წლის მაისში მოაწერა ხელი, რის შემდეგაც მას მიეცა უფლება სარატიფიკაციოდ არანაკლებ 20 პუნქტი ნებაყოფლობით აერჩია.
საქართველომ უარი თქვა ქარტიის მე-5 მუხლის რატიფიცირებაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით სხვა მექანიზმებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარებასაც ითვალისწინებს. ასევე, ამ ეტაპზე პარლამენტმა თავი შეიკავა მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის რატიფიცირებაზეც, რომელიც ადგილობრივი ორგანოების სხვა ქვეყნის ანალოგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის უფლებას ითვალისწინებს.
ქარტიის 24 პუნქტი, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პირდაპირი და საყოველთაო წესით არჩევითობას, ადგილობრივი ორგანოს უფლებას თავად განსაზღვროს სტრუქტურა, ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში ჩარევას, ასევე ფინანსურ და სხვა საკითხებს.
საქართველოს უახლოეს ხანებში მოუწევს ადგილობრივი კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაში მოიყვანოს რატიფიცირებულ პუნქტებთან, მითუმეტეს, რომ საქართველოს კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ადგილობრივი ორგანოების სრულ არჩევითობას არ ითვალისწინებს.