
სოხუმი და მოსკოვი უარყოფს ინფორმაციას აფხაზეთში შეიარაღებული დაჯგუფებების ყოფნის შესახებ
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფებების რუსეთიდან შეყვანის შესახებ.
“აფხაზეთის ხელმძღვანელობას არასდროს გამოუყენებია და არც აპირებს გამოიყენოს შეიარაღებული ძალები, განსაკუთრებით კი აფხაზეთის მოსაზღვრე ქვეყნებიდან, შიდა პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად”, ნათქვამია 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
დღესვე რუსული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფებების შეყვანის ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც უარყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ 15 ოქტომბერს სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შემოყვანილი არიან სპეცდანიშნულების რაზმები, სადაც ასევე ხდება ჩრდილო კავკასიის ხალხთა კონფედერაციის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია.