
ხაჯიმბა ცსკ-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს
პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ დაგმო აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) გადაწყვეტილება, რომელმაც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატს სერგეი ბაღაფშს მიანიჭა.
“თუ საჭირო გახდება, ჩვენ საპროტესტო აქციებსაც გავმართავთ კანონიერების აღსადგენად“, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“ ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომლითაც 11 ოქტომბერს გვიან ღამით მან თავის მხარდამჭერებს მიმართა.
ცსკ-ს საბოლოო გადაწყვეტილებით, ბაღაფშმა არჩევნებში ხმების 50.08% მიიღო. ეს მაჩვენებელი გალის რაიონის შედეგებსაც შეიცავს.
მანამდე, 6 ოქტომბერს აფხაზეთის ცსკ-მ გალის რაიონის სამი უბნის მონაცემები ბათილად ცნო და 17 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები დანიშნა. რაულ ხაჯიმბამ გაასაჩივრა ცსკ-ს გადაწყვეტილება განმეორებითი არჩევნების მხოლოდ გალში ჩატარების თაობაზე და მისი ჩატარება აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე მოითხოვა. მან თვითგამოცხადებული რეგიონის უზენაესს სასამართლოს მიმართა ამ მოთხოვნით. სარჩელის განხილვა 13 ოქტომბრისთვის დაინიშნა.