ახალი ამბები

ნავთობსადენის მშენებლობისთვის დამატებით თანხები გამოიყოფა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ (BTC Co.) საქართველოს მთავრობასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა. ხელმოწერის ცერემონიალი 10 ოქტომბერს ბორჯომში გაიმართა, რომელსაც BTC Co-ს და BP-ს კომპანიის წარმომადგენლები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია  ესწრებოდნენ.


“უსაფრთხოების ოქმი“ გულისხმობს მილსადენის დაცვის უზრუნველყოფას და ამ პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვას.


ბორჯომის რეგიონში უშიშროების დაცვის აღჭურვილობით უზრუნველყოფის შესახებ ოქმის მიხედვით BTC Co. საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სახის აღჭურვილობას გადასცემს, რისი საერთო ღირებულება 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც ტექნიკური მომსახურებისთვის ყოველწლიურად ერთი მლნ დოლარი დაემატება.


მეორე ოქმის თანახმად, კომპანია საქართველოს გამოუყოფს გრანტებს, სოციალური და ეკონომიკური პროექტების დასაფინანსებლად. დაფინანსების საერთო თანხა 40 მლნ დოლარს შეადგენს და 2010 წლის ჩათვლით გაგრძელდება. საწყის ეტაპზე გამოიყოფა 9 მლნ დოლარი.


ცალკე თანხებს გამოყოფს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორი კომპანია BP. ახალი სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში კომპანია 10 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს.


BP-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ენდი ინგლისის განცხადებით, კომპანიის ვალდებულებაა საქართველოსთან წარმატებული და ხანგრძლივი ურთიერთობა დაამყაროს.


“განსაკუთრებულ მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს გარემოს დაცვას ვანიჭებთ. ჩვენი განზრახვაა ვიყოთ საქართველოს პარტნიორი მომდევნო ორმოცი წლის მანძილზე”, განაცხადა ბორჯომში გამართულ ცერემონიალზე ენდი ინგლისმა.


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა დაახლოებით 2005 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.


 

Back to top button