
სააკაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას კვლავ მშვიდობიანი გზით ცდილობს
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოსი სეპარატისტები ცდილობენ მიაღწიონ დიდი და პატარა ლიახვის ქართველი მოსახლეობისგან დაცლას და საქართველოს ამ ტერიტორიის ანექსიას, რასაც ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს.
„ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი – დისციპლინირებული და მშვიდობიანი მოქმედება. სრულიან ნათელია, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ ტერიტორიების ჩაბარებას კრიმინალებისთვის“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს უშიშროების სააბჭოს სხდომის დაწყებამდე.
მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში რთული ვითარებაა, თუმცა არც ისეთი საგანგაშო. „ასეთი რთული ვითარება იქნება, სანამ მიზნად გვაქვს დასახული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საჭიროა ცივსისხლიანი ქმედება“ – აცხადებს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ის ბავშვები, რომლების გამოყვანაც უკვე მეორე დღეა კონფლიქტის ზონიდან ხდება, სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე (20 სექტემბერი) დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ სახლებს. „ეს აუცილებლად მოხდება და ისინი დაბრუნდებიან საქართველოს ხელისუფლების დაცვის ქვეშ“ – დასძინა პრეზიდეტმა.
დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტი ასევე შეეხო და გააპროტესტა დღეს კონფლიქტის ზონაში მყოფ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ესკორტზე ცეცხლის გახსნის ფაქტი.
ამის მიუხედავად პრეზიდენტი კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების საკითხს აყენებს და აცხადებს, რომ ქართული მხარე მზად არის შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწეროს ხელი.
დღესვე ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან. მისი თქმით, ხელისუფლება განაგრძობს არსებულ ვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას და კონფლიქტის მშვიდობინ გზით მოგვარების პროცესში მათ ჩართვას.