ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო: კოკოშინთან დაკავშირებული ინციდენტი დადგმული პროვოკაცია იყო

უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსეთის სათათბიროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოკოშინის და მისი თანმხლები პირებისთვის ქართველების მხრიდან ცეცხლის გახსნის შესახებ. აღნიშნული ინციდენტი ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორაზე, სოფელ სარაბუკის მახლობლად დღეს მოხდა. 
 
“დაახლოვებით 17 საათზე ოსმა სამშვიდობოებმა ქართველების მისამართით გაისროლეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმის შემთხვევაში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა”, განაცხადა გიგი უგულავამ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
 
მისი თქმით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ანდრეი კოკოშინზე მოხდა თავდასხმა.
 
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს იყო უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია”, დასძინა უგულავამ. 
 
მისი თქმით, როდესაც მსგავის მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტი იგეგმება კონფლიქტის ზონაში წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ქართული მხარე. “კერძოდ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და ასევე კონფლიქტის ზონაში არსებული ქართული სამშვიდობო კონტიგენტი, რათა შესაძლებელი იყოს მათი უსაფრთხეობის გარანტირება. ამ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა“, აღნიშნა გიგი უგულავამ. 
 
ანდრეი კოკოშინი თბილისში 3 აგვისტოს ჩამოვიდა. იგი მას შემდეგ გაემგზავრა ცხინვალში, რაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან გამართა პირისპირ შეხვედრა.

Back to top button