
საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ცხინვალში გაემგზავრება
საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი როი რივი 4 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში გამგზავრებას და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ მან თავად განუცხადა.
“ჩვენი მიზანია დავარწმუნოთ სამხრეთ ოსური მხარე ეუთოს მანდატის გაფართოვების საჭიროებაში, რათა შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა. ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მომხრენი ვართ“, განაცხადა როი რივმა.
ცხინვალის რეგიონში ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის გაფართოების წინააღმდეგ რუსეთი გამოდის. “ეუთოს მისიის გაფართოება, დამკვირვებელთა რიცხვის გაზრდა, ამ ტიპის ინიციატივები იმთავითვე განუხორციელებელია“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, ქართული მხარე რუსეთთან გააგრძელებს მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის რეგიონში ეუთოს მანდატის გაფართოვების საკითხი 29 ივლისს, ვენაში გამართულ ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე დააყენა.