
თვითაღიარებულ აფხაზეთში პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყო და 20 დღე გასტანს. 24 აგვისტოდან კი წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.
ოპოზიციურმა მოძრაობამ “ერთიანი აფხაზეთი“ და „ამცახარამ “ უკვე წარადგინა ენერგეტიკული კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის სერგეი ბაღაფშის კანდიდატურა.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატთა შორის მოიაზრებიან ამჟამინდელი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯინბა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა უჭერს მხარს, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია და მოძრაობა “აიტაირას“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ანქვაბი.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ 2004 წლის 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი 14 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 35 წლის ზევით, აფხაზი ეროვნების კანდიდატს, რომელიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე ცხოვრობს აფხაზეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 ოქტომბრის არჩევნებს შესაძლოა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არალეგიტიმურ არჩევნებზე მონიტორინგს არ განახორციელებენ, თუმცა მის მიმდინარეობას ყურადღებით დააკვირდებიან.