
აშშ საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აგრძელებს
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობას აგრძელებს. ამის შესახებ დღეს ამერიკის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე “თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისის“ ხელმძღვანელმა დაგ პეტერსონმა განაცხადა.
“საქართველოში “წრთვნისა და აღჭურვის პროგრამის“ დასრულება არ ნიშნავს სამხედრო სფეროში აშშ-ს დახმარების შეწყვეტას. ახლა მთავარია იმ ბატალონებმა, რომლებმაც გაიარეს წვრთნები შეინარჩუნონ სამხედრო დონე“, განაცხადა დაგ პეტერსონმა.
დღევანდელ შეხვედრაზე “თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისის“ ხელმძღვანელმა 2005 წლის სამხედრო თანამშრომლობის გეგმა წარმოადგინა, რომლის განხორციელებასაც აშშ საქართველოში აპირებს.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით“ მომზადებული ბატალიონების და მე-11 ბრიგადის შემდგომ გადამზადებას და სამხედრო აღჭურვილობით, როგორიცაა კავშირგაბმულობის, საველე საშუალებები, მომარაგებას. ასევე “UH-1 ტიპის ვერტმფრენთა პროგრამის” უზრუნველყოფას.
“2005 წლიდან საქართველოში ჩამოვლენ ინსტრუქტორები და მობილური ჯგუფები, რომლებიც ტრეინინგებს ჩაუტარებენ ქართველ სამხედროებს“, განაცხადა დაგ პეტერსონმა.
მისი ინფორმაციით, “თავდაცვის თანამშრომლობის საქართველოს ოფისს“ დღეიდან ახალი ხელმძღვანელი ბრედლი ჯონსი ჩაუდგება სათავეში. “უკვე დასრულდა ჩემი კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა, საქართველოში ორი წელი ვიმსახურე, რითაც კმაყოფილი ვარ”, განაცხადა დაგ პეტერსონმა.
ახალი ხელმძღვანელი ბრედლი ჯონსი საქართველოში ჩამოსვლამდე ალბანეთში მსახურობდა.