skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილს აჭარაში არ უშვებენ

ბათუმი თბილისს ძალის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს


მიუხედავად იმისა, რომ მარტის დასაწყისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო, რომ აჭარაში კონტროლს დაამყარებდა, იგი 14 მარტს იქ არც კი შეუშვეს. სააკაშვილმა ამ ინციდენტს “საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სერიოზულ გამოწვევად” შეაფასა.


თბილისის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, სააკაშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვერ შევიდა, რადგანაც ჯავშანტექნიკამ და ასობით შეიარაღებულმა პირმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვარი გადაკეტეს.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც თან ახლდა პრეზიდენტს, ადმინისტრაციულ საზღვარზე აჭარის ოფიციალურ პირებთან ჩოლოქზე მოლაპარაკებები გამართა, თუმცა ამაოდ ეცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ პრეზიდენტი აჭარაში შეეშვათ.


აჭარის ხელისუფლების განმარტებით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, სააკაშვილის ვიზიტის საბაბით, ჯარების შეყვანა სურდა აჭარაში.


საქართველოს ტელევიზიამ გადასცა კადრები, თუ როგორ საუბრობენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები.


“ჩვენ ყოველთვის მივიღებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, მაგრამ რაში გჭირდებათ ამდენი შეიარაღებული ადამიანი? ამგვარი გზით შემოსვლის უფლებას არ მოგცემთ” – განუცხადა ქობულეთის რაიონის უფროსმა ტარიელ ხალვაშმა შინაგან საქმეთა მინისტრს.


“ჩვენ პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ არ ვართ. იგი საქართველოს პრეზიდენტია და ქვეყნის ნებისმიერ ადგილას შეუძლია ჩავიდეს. მაგრამ, მათ შეიარაღებული ჯარით უნდოდათ აჭარაში შემოსვლა. ამას არ დავუშვებთ”, – განუცხადა მოგვიანებით ბათუმის მერმა გიორგი აბაშიძემ ჟურნალისტებს.


14 მარტს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჩოლოქთან საერთოდ არ იმყოფებოდა და რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარაში ჯარის შეყვანა სურდა.


თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას მხოლოდ 30 საკუთარი მცველი ახლდა. “იქ ჯარები არ ყოფილან”, – დასძინა მან.


ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტის თანმხლები პირები სააკაშვილთან ერთად უკან გამობრუნდნენ და ფოთში გაემგზავრნენ.


“ჩვენ არ შევეგუებით იმ სიტუაციას, რომელიც აჭარაშია; თუმცა, იმისათვის, რომ სისხლისღვრა ამეცილებინა თავიდან, მე მივიღე გადაწყვეტილება არ მიმეღო რადიკალური და მკაცრი ზომები. მაგრამ მე არ ვაპირებ უკან დახევას. მე ფოთში ვრჩები და მინისტრთა კაბინეტის სხდომას აქ მოვიწვევ. მინდა აჭარის მოსახლეობას ვუთხრა: ნუ დაემორჩილებით აჭარის ხელისუფლების ბრძანებებს იარაღის ხელში აღების თაობაზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


“ქართული ჯარები ყველაფრისთვის მზად არიან, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მათი გამოყენება ამ შემთხვევაში, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა”, – დასძინა პრეზიდენტმა.


მან ასევე გააფრთხილა რუსეთი, რომლის ერთი სამხედრო ბაზაც ბათუმშია განლაგებული, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში.


“არც ერთი რუსეთის ტანკი არ უნდა გამოვიდეს სამხედრო ბაზიდან, რადგანაც ეს [აჭარა] ჩვენი ტერიტორიაა”, – განაცხადა სააკაშვილმა.


“ეს ცუდი სიგნალია. სიტუაცია ძალიან გამწვავდა. პრეზიდენტს საშუალება არ მისცეს აჭარაში შესულიყო და ამომრჩევლებს შეხვედროდა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს, რომელიც ასევე ჩავიდა ფოთში.


მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი კვლავ მიემბზავრება ჩოლოქთან და იქ შეკრებილ მოსახლეობას ხვდება. მან მოსახლეობას განუცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სისხლი არ დაიღვაროს. ჩოლოქთან მცირე ხნით გაჩერების შემდეგ პრეზიდენტი კვლავ ფოთში დაბრუნდა.


ასლან აბაშიძე, რომელიც მოსკოვში იმყოფება, აჭარის ტელევიზიას დღეს განუცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდით აჭარის ხელმძღვანელობის ჩამოგდება სურს. მან ისიც განაცხადა, რომ შუამავლის საშუალებით შეეცადა სააკაშვილს მოლაპარაკებოდა, თუმცა ამაოდ.


“უცხოელი შუამავლის საშუალებით [აბაშიძეს ამ შუამავლის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა როგორც მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე აცხადებს, შუამავალი უცხოელი ბიზნესმენია] ჩვენ გასულ კვირას მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. თუმცა, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. შემდეგ მოსკოვში გამგზავრება გადავწყვიტე, რათა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მეცნობებიბა სისხლისღვრის იმ საფრთხის შესახებ, რასაც შესაძლოა აჭარაში ჰქონდეს ადგილი,“ – განუცხადა აბაშიძემ აჭარის ტელევიზიას სატელეფონო საუბრისას.


„ჩემი წარმომადგენლები აშშ-შიც გავაგზავნე, სადაც ისინი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისინი ასევე შეხვდნენ ჯორჯ, რათა ეცნობებინათ მისთვის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. ჩვენ ყველას შევხვდით, ვინც ახალ ხელისუფლებას ძალაუფლებაში მოსვლაში დაეხმარა [გასული წლის ნოემბრის რევოლიციის დროს]. მათ განაცხადეს, რომ სისხლისღვრის შემთვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში, მოსკოვიდან სატელეფონო საუბრისას.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ 14 მარტს კვლავ მოუწოდა თბილისს არ გამოიყენოს ძალა.


„არსებობს ყველა საბაბი, რათა ვივარაუდოთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში ძალის გამოყენებას ცდილობს. ასეთ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ეკისრება,“ – განუცხადა იაკოვენკომ რუსულ სააგენტო „ინტერფაქს.“


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადანაშაულა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აჭარის ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობაში. სამინისტროს მიერ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, “თბილისი სპეციალურად წვრთნის სამართალდამცავ სტრუქტურებს და ამზადებს საპროტესტო აქციებს ბათუმში, რათა აჭარის კანონიერი ხელისუფლება ჩამოაგდოს”.


თბილისსა და ბათუმს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც აჭარის პოლიციამ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დააკავა, რომელიც აჭარაში მმართველი პარტიის წინაასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩავიდა.


“თუ აბაშიძეს უნდა საქართველოს პრეზიდენტი დააშანტაჟოს, იგი დიდ შეცდომას უშვებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 13 მარტს.


პრეზიდენტი სააკაშვილი აჭარას 25 იანვარს ეწვია, როცა მან საქართველოს პრეზიდენტის ფიცი ოფიციალურად დადო. მაშინ აბაშიძე და სააკაშვილი ერთად დაესწრნენ სამხედრო აღლუმს, რომელიც ბათუმში ინაუგურაციის დღეს გაიმართა.


თუმცა, დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის მარტის დასაწყისში გაიზარდა, მას შემდეგ რაც აბაშიძემ განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარაზე „ტოტალური კონტროლის დამყარება“ სურს. ამის საპასუხოდ, სააკაშვილმა განაცხადა, “დიახ, მე დავამყარებ კონტროლს აჭარაზე”.

მსგავსი/Related

Back to top button