skip to content
ახალი ამბები

პოლიციამ „იბერია“-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარა

სამართალდამცავმა ორგანოებმა დღეს დილით დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იბერია“-ს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. ეს ტელევიზია ფირმა „ომეგას“ ეკუთვნის, რომელიც გენერალური პროკურატურის განცხადებით, სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესშია ჩართული.


გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურები „იბერია“-ში კონტრაბანდულ სიგარეტს ეძებდნენ. თუმცა, მათ უკანონო ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს.


დამოუკიდებელი ტელევიზიის გაჩხრეკამ ოპოზიციური პარტიების და პარლამენტარების პროტესტი გამოიწვია. მათი განცხადებით, ეს იყო მთავრობის მცდელობა ზეწოლა მოეხდინა დამოუკიდებელ მედიაზე.


19 თებერვალს დილით პოლიციამ გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ფირმა „ომეგას“ ოფისების ჩხრეკა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ეს ფირმა „აღორძინების კავშირის“ ერთ-ერთ ფინანსურ წყაროს წარმოადგენს.


18 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ ბათუმში განთავსებული „საქართველოს საზღვაო ბანკის“ საქმიანობის გამოძიება დაიწყო. ბანკს უკანონო გარიგებებსა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.


გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთა განცხადებით, „ბანკის უკანონო საქმიანობაში აჭარის ხელისუფლების რამოდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელიც იყო ჩართული“.    

მსგავსი/Related

Back to top button