
შინაგან საქმეთა მინისტრი პარტიზანებს კრიმინალურ ქმედებებში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც 4 თებერვალს ზუგდიდში ჩატარებულ ანტი-კრიმინალურ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში ზოგიერთ პარტიზანსა და მათ ლიდერებს ამხელს. მისი განცხადებით, ისინი დანაშაულებებს აფხაზ სეპარატისტებთან ერთად ჩადიოდნენ.
“ეს ადამიანები გადაიქცნენ უბრალო კრიმინალებად. ისინი შეკრულები იყვნენ აფხაზ სეპარატისტებთან და ერთობლივად მოქმედებდნენ. მათ კრიმინალურმა ქმედებამ კულმინაციას მიაღწია მაშინ, როდესაც აფხაზურ-ქართული დაჯგუფება წალენჯიხაში თავს დაესხა სამართალდამცავებს და 4 პიროვნება მოკლეს. ჩვენ არავის არ შევარჩენთ ქართველების სისხლს”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ანტი-კრიმინალური ოპერაციები საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება, სადაც ამის საჭიროება იქნება.
ზუგდიდში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 30-მდე პირი იქნა დაკავებული და დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი ამოღებული.
ანტი-კრიმიანლური ოპერაციის დასრულების შემდეგ ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავიდა, რომელმაც ანტი-კრიმინალური ოპერაციის დაწყების შესახებ განკარგულება 3 თებერვალს გამოსცა და განცხადა, რომ საქართველოში ყველა კრიმინალური ელემენტი დაპატიმრებული უნდა იყოს.