ახალი ამბები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კონსულტაციებს მართავს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პარლამენტის თავჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და იუსტიციის მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან საკონსტიტუციო ცვლილიბების თაობაზე კონსულტაციებს ატარებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ქვეყანა ამჟამად მთავრობის გარეშეა დარჩენილი.


მთავრობის ყველა წევრმა გადადგომის შესახებ განცხადება 26 იანვარს დაწერა.


„საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება და ზურაბ ჟვანია [სახელმწიფო მინისტრი] პრემიერ-მინისტრი გახდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


„საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად პარლამენტს ექნება უფლება მინისტრთა კაბინეტი დაითხოვოს“, – განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს.


„ჩვენ მმართველობის ევროპულ სტილზე გადავდივართ“, – დასძინა სააკაშვილმა.


თუმცა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ექნება თუ არა პრეზიდენტს უფლება დაითხოვოს პარლამენტი. ცოტა ხნის წინ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ექნება უფლება დაითხოვოს არაეფექტური პარლამენტი.


ნინო ბურჯანაძემ 22 იანვარს აღნიშნა, რომ იგი არ აპირებს „სუსტი პარლამენტის“ თავჯდომარე იყოს, რამაც გარკვეული ვარაუდები წარმოშვა იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. 

Back to top button