
რუსეთის განცხადებით, მას არ მოუთხოვია 500 მილიონი დოლარი ბაზების გასაყვანად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 15 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთს არ მოუთხოვია 500 მილიონი აშშ დოლარი თავისი სამხედრო ბაზების საქართველოდან გამოსაყვანად.
„ბაზების გაყვანის თაობაზე გამართული ქართულ-რუსული მოლაპარაკებების დროს თანხის საკითხი არ ყოფილა განხილული“, – განუცხადა რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თედო ჯაფარიძემ მოსკოვის ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა 500 მილიონი დოლარი მოითხოვა სამხედრო ბაზების გამოსაყვანად. „ეს თანხა არარეალურია“, – დასძინა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი 11 წელიწადს მოითხოვს ბაზების გამოსაყვანად, „თუმცა დამატებითი უცხოური დაფინანსების შემთხევაში შესაძლოა ეს პერიოდი შემცირდეს“.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 14 იანვარს გამორიცხა რუსული ბაზების ნაჩქარევი გამოყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. მისი თქმით, ბაზების გამოსაყვანად აუცილებელია ორ ქვეყანას შორის შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერა.