
თვითმფრინავს, რომელშიც თავდაცვის მინისტრი იჯდა, ერაყში ცეცხლი გაუხსნეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ერაყიდან თბილისში დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თვითმფრინავს, რომელშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ისხდნენ, ბაღდადის აეროპორტის დატოვებისთანავე ცეცხლი გაუხსნეს.
„მე მოგვიანებით მითხრეს ამ ინციდენტის თაობაზე, რადგანაც მეძინა“, – განუცხადა თევზაძემ ჟურნალისტებს დღეს დილით თბილისში ჩამოსვლისას. მისი თქმით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა თავდასხმას მაშინვე საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ერაყში 15 იანვარს გაემგზავრა, სადაც მან ქალაქ თიქრითში განლაგებული ქართული სამშვიდობო ნაწილი მოინახულა.
სამოცდაათი გამნაღველისა და ექიმისგან შემდგარი ქართული ნაწილი ერაყში გასულ აგვისტოს გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, მათ ახლო მომავალში 200 ქართველი ჯარისკაცი შეცვლის. ზაფხულისთვის საქართველო კიდევ 500 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს ერაყში.
თავდაცვის მინისტრმა ქართულ კონტინგენტს დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ მისი საქმიანობით კოალიციის ძალებიც კმაყოფილნი არიან.