ახალი ამბები

ევროკავშირი აფხაზეთში სამშვიდობო ძალების გასაგზავნად მზად არის

დღეს, თბილისიდან გამგზავრებამდე გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ  ევროკავშირი მზად არის თუ, შესაბამისი პირობები შეიქმნება საქართველოში არსებულ კონფლიქტის ზონებში საკუთარი, ახლად შექმნილი, სამშვიდობო ძალები გაგზავნოს.

“სამშვიდობო მისიას ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ. ამ საკითხის გადაწყვეტისთვის არც ქართული მხარის ნება კმარა. საჭიროა გაეროს მხრიდან შესაბამისი მანდატის მოპოვება“ – განაცხადა სოლანამ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

„თუ ამის საჭიროება იქნება და ამ [გაეროს] მანდატსაც მოვიპოვებთ, მზად ვართ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა მივიღოთ. ახლა უნდა დაველოდოთ უშიშროების საბჭოს გადაწყევტილებას და ჩვენ წვლილს შევიტანთ. ევროკავშირი მზად არის დაეხმაროს ქართულ მხარეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში” – განაცხადა ხავიერ სოლანამ.

თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის გატანა ნახლებად რეალურად ჩანს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი ვეტოს უფლებით სარგებლობს.

Back to top button