ახალი ამბები

აშშ საქართველოს დროებითი მთავრობის მუშაობით კმაყოფილია

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს დროებითი მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. ამის შესახებ დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლინ პასკომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის და ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.


“ჩვენ საქართველოს საშინაო საქმეებში არ ვერევით და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით. ახლა მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარება. არჩევნების ვადების განსაზღვრა თქვენი გადასაწყვეტია. არჩევნები სამართლიანიდ უნდა ჩატარდეს, ჩვენ, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ დასახმარებლად“, – განაცხადა ლინ პასკომ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.


“მარტის ბოლოს არჩევნების დანიშვნით მაქსიმალურად ვეცადეთ ოპოზიციური პარტიებისთვის მომზადების საშუალება მიგვეცა. არჩევნების ვადების გადაწევა აღარ შეიძლებოდა. ქვეყანას სჭირდება პარლამენტის აქტიური მუშაობა, რათა კანონიერების ფარგლებში მოექცეს პოლიტიკური ცხოვრება და პარლამენტს თავისი  ეფექტური მუშაობის წყალობით დაუბრუნდეს ხალხის ნდობა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


ლინ პასკო თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დღესვე ლინ პასკო და სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც აშშ-ის მიერ 3 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებულ ოფიცერთა ხელფასების გაცემას მოხმარდება.

Back to top button