ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს რომ აჭარაში ვითარება დარეგულირდება

ამერიკის შეერთებული შტატები ცენტრსა და აჭარის რეგიონს შორის  არსებულ დაძაბულ ვითარებაში ჩარევას არ აპირებს. თბილიში ორდღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ლინ პასკოს განცხადებით, ამ საკითხში ამერიკა არ ჩაერევა და მისი მოგვარება თავად ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეძლოს.


“ამ ვიზიტის დროს მე ბათუმში ჩასვლას და აჭარის ხელისუფლებასთან შეხვედრას არ ვაპირებ”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლინ პასკომ.


პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ აჭარის რეგიონში უმოკლეს პერიოდში სიტუაცია დარეგულირდება და მოხდება ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლება.


“ცხადია პრობლემა არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საკითხი მოგვარდება და ვითარება დაწყნარდება. რაც შეეხება ახალგაზრდების დაპატიმრებას მხოლოდ მათი პოლიტიკური მრწამსის გამო, ეს დაუშვებელია”, – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ.   


“კმარას” აქტივისტები 6 იანვარს დააკავეს და მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მათი დაკავება აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ გავრცელებული პროკლამაციების გამო მოხდა, თუმცა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი ახალგაზრდების დაკავებას მათ ბინებში ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის აღმოჩენით ხსნის. 

Back to top button