
სააკაშვილი: საქართველო მზადაა რუსეთთან თანამშრომლობისთვის
ჟურნალ „თაიმ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იგი ითანამშრომლებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, თუმცა დასძინა, რომ „ის რეაქცია, რაც რუსეთიდან მოდის ძალიან იმპულსურია“.
„რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დაკარგვის ეშინია. ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ მათ, რომ საქართველო ღიაა მათთან კარგი თანამშრომლობისთვის. და კიდევ ერთი რამ: ყველამ მომილოცა პუტინის გარდა – ბლერმა, ბუშმა, ევროპის ყველა წამყვანმა ფიგურამ და ჩვენი მეზობელი ქვეყნების პირველმა პირებმა“, – განუცხადა სააკაშვილმა „თაიმ“-ს.
მისი თქმით, რუსეთს საქართველოში სამხედრო ბაზების 10 წლით შენარჩუნება საკუთარი იმპერიული თვით-დარწმუნების შესანარჩუნებლად უფრო სჭირდება, ვიდრე უსაფრთხოების დასაცავად.
„ჩვენ სხვა რამის მოძებნაც შეგვიძლია, რაც უკეთესად დაიცავს რუსეთის უსაფრთხოებას, ვიდრე ეს 2,000-კაციანი ჯარი. რუსეთის ინტერესებში შედის სამხრეთის საზღვრების დაცვა ტერორისტების შემოსვლისგან. ჩვენ ანალოგიური ინტერესები გაგვაჩნია. მაგრამ რუსეთის ჯარების გაყვანა შეუძლებელია მათთვის საარსებო საშუალების მიცემის გარეშე. შესაძლოა აშშ-ს ან ევროპას შეუძლია დახმარების აღმოჩენა. რუსეთმა დამცირებულად არ უნდა იგრძნოს თავი“, – განაცხადა სააკაშვილმა.