
მიხეილ სააკაშვილი აჭარაში “კმარას” აქტივისტების დაკავებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს
მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” აქტივისტების დაპატიმრების ფაქტს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
“მათ დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული უდევს. ჩვენ არ დავუშვებთ ადამიანების პოლიტიკურ დევნას. ვიმედოვნებ, რომ აჭარის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე საღ აზრს გამოიჩენს და დაკავებულ პიროვნებებს გაათავისუფლებინებს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დიალოგის გამართვა აჭარის ლიდერთან და აცხადებს, რომ ამ პროცესს მუდმივი სახე ექნება.
ბათუმში “კმარას” აქტივისტები 6 იანვარს აჭარის ხელისუფლების წინააღმდეგ გავრცელებული პროკლამაციების გამო დააკავეს. აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი ამის მიზეზად კი დაკავებულებისთვის იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენას ასახელებს. აჭარის სასამართლომ 9 იანვარს მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.