
ახალი წლის ღამეს სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა
საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 31 დეკემბრის ღამეს ტელევიზიით საქართველოს მოსახლეობას მიმართა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს 4 იანვარს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში. სააკაშვილმა მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა, „როგორც ეს ნოემბერში მოხდა“.
მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ექვსი ოფიციალური კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, უეჭველია, რომ სააკაშვილი მოიგებს არჩევნებს, თუმცა მის საარჩევნო შტაბს ხალხის დაბალი აქტიურობის ეშინია.
სააკაშვილმა, ისევე როგორც სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, უკვე რამოდენიმეჯერ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურობისკენ. „ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ არჩევნები. ეს შეცდომაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რათა არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.