ახალი ამბები

მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში რევანშისტული ქმედებები იგეგმება

(თბილისი, 28 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში გარკვეული რევანშისტული განწყობა არსებობს.

“ჩვენი ინფორმაციით, გარკვეულ ძალებს ქვეყანაში რევანშისტული ქმედებების განხორციელება სურთ. ამ პირებს უნდა ეყოთ სიბრძნე და არ გადადგან ანტი-სახელმწიფოებრივი და უკანონო ქმედებები”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 28 ნოემბერს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

“არმიამ და შინაგანმა ჯარმა დაამტკიცა, რომ ისინი ხალხის გვერდით დგანან და არასოდეს იმოქმედებენ ხალხის წინააღმდეგ”, – დასძინა ბურჯანაძემ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას რევანშისტული გეგმების თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს.

ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ “რამოდენიმე პირს არმიაში კონტრ-რევოლუციის მოწყობა სურს”.

Back to top button