
შევარდნაძე ოპოზიციას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს
(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან – მიხეილ სააკაშვილთან, ნინო ბურჯანაძესთან და ზურაბ ჟვანიასთან 9 ნოემბერს გვიან საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ დღეს მისი ინიციატივით ოპოზიციასთან დიალოგი შედგა და ეს დიალოგი გაგრძელდება.
“მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო ჩემთვის. ბევრი საკითხი გაურკვეველია, და ეს საკითხები პროფესიონალებმა უნდა გაარკვიონ. მე პრეზიდენტი ვარ და უნდა ვიმუშაო როგორც პრეზიდენტმა. მე შევთავაზე მათ, რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთი, ორი ან სამი დღის განმავლობაში გაერკვევა იმ საკითხებში, რასაც ოპოზიცია აყენებს. მე ჩამოვაყალიბე 25 საკითხისგან შემდგარი ჩამონათვალი, რომელზეც ამ ჯგუფმა უნდა იმუშაოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
“ზოგი მოითხოვს, რომ არჩევნები გაუქმებულად გამოცხადდეს. ამისი საფუძველი არ არის. ამისი გაკეთების უფლება მე არ მაქვს. ეს უნდა გააკეთოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა. პრეზიდენტს აქვს არჩევნების დანიშვნის უფლება, მაგრამ პრეზიდენტი არჩევნებს ვერ გააუქმებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
“მე შემეძლო არ შევხვედროდი მათ, მაგრამ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე მათ დიალოგისკენ მოვუწოდე, ასევე არ შევშინდი მე, როცა აქციის მონაწილეებთან მივედი დღს, ისინი ჩემი ქვეყნის შვილებია”, – დასძინა ედუარდ შევარდნაძემ.
ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტს შეხვდნენ იმ მიზნით, რომ გადაეცათ ოპოზიციისა და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.